eoluri formebi - udabno

 

ლანდშაფტის ტიპი, რომელიც წარმოიქმენა მუდმივად ან სეზონურად ცხელჰავიან მხარეებში; იგი უდაბურს, უკაცრიელს ნიშნავს.

ახასიათებს ძალზე მეჩხერი და ღარიბი ფიტოცენოზები, ნიადაგისა და გრუნტის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ უდაბნოს შემდეგ სახეობებს:

ქვიშიანს - განვითარებულს ძველი ალუვიური ვაკეების ფხვიერ ნალექებზე;
კენჭნარსა და ქვიშნარ-კენჭიანს - გათაბაშირებულ სტრუქტურულ პლატოებსა და მთისძირა ვაკეებზე;
ღორღიან-გათაბაშირებულს - პლატოებსა და ახალგაზრდა მთისძირის ვაკეებზე;
ქვიანს - დაბალმთიანეთსა და წვრილგორაკებზე;
თიხნარს - სუსტად კარბონატულ საფრულ თიხნარებზე;
ლიოსურს - მთისძირა ვაკეებზე;
თიხიანთაყირულს - მთისძირა ვაკეებსა და მდინარეთა ძველ დელტებზე;
თიხიან-ბედლენდურს - დაბალმთიანეთში, რომელიც აგებულია მარილების შემცველი მერგელებითა და თიხებით;
მლაშობს - დამლაშებულ დეპრესიებსა და ზღვის სანაპიროებზე.

უდაბნოს ძირითადად ახასიათებს ქვიშიანი ან ქვა-ღორღიანი რელიეფის ზედაპირი, ზაფხულის მაღალი ტემპერატურა, ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა, დროებითი მდინარეები და ტბები, ღარიბი ნიადაგი და მცენარეულობა.

უდაბნოები (მშრალი ტერიტორიები) 3 ტიპისაა:

1. ძალიან მშრალი (ექსტრა-არიდული) უდაბნოები, სადაც ნალექების რაოდენობა 100 მმ-ზე ნაკლებია.

2. მშრალი (არიდული) უდაბნოები. წლის განმავლობაში მოდის 100 - 250 მმ ნალექი.

3. ნახევრად მშრალი (სემიარიდული) ტერიტორიები ანუ ნახევრადუდაბნოები. აქ ნალექების რაოდენობა შეადგენს 250-400 მმ-ს.